სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 დეკემბერს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აშშ-მა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და მკაფიო და ძლიერი სიგნალი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს აქვს მომავალი ნატოში. მისივე თქმით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში და უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, ამიტომ აშშ-ის პოლიტიკური პოზიცია არ შეცვლილა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებითვე, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ახალი კონსტიტუციის აღსრულებას და მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის.