Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიდან გამოსული ინგა ბალანჩივაძის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს


28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. ოჯახის წევრები ბალანჩივაძის საქმეზე მოკვლევის დასრულებასა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.

ინგა ბალანჩივაძეს ოპერაცია ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში 2018 წლის 11 მაისს, გარე ორსულობის შეწყვეტის მიზნით გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ, პაციენტი 3 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა. ამ დროის მდგომარეობით, ქალს უჭირს მეტყველება, აქვს მხედველობის პრობლემა და შეზღუდული აქვს მოძრაობის უნარი.

დაზარალებულის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს, რასაც ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.

"ინგა საავადმყოფოში სრულიად ჯანმრთელი შევიყვანეთ. მას არასდროს ჰქონია რაიმე პრობლემა. მოვითხოვთ, რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაასრულოს და დადგეს იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ინგა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს,"-აცხადებს პაციენტის ოჯახის წევრი თეა ბალანჩივაძე.

ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ხონელიძის კლინიკის ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია. მათივე განმარტებით, ოპერაციის დროს უჟანგბადობის შედეგად თავის ტვინი დაზიანდა, რამაც იშემიური ინსულტი, თრომბოზი გამოიწვია.

პაციენტის ოჯახის წევრები, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უმოქმედობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG