Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ოფიციალურად აცნობეს, რომ აშშ აპირებს საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებიდან გასვლას


რუსეთმა გამოაცხადა, რომ მიიღო ოფიციალური შეტყობინება ვაშინგტონიდან იმის თაობაზე, რომ აშშ აპირებს ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებიდან გავიდეს, თუ მოსკოვი შეთანხმების პირობების შესრულებას არ გააგრძელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში, 5 დეკემბერს,რეპორტიორებს უთხრა, რომ ოფიციალური ხელშეკრულება ეყრდნობა გაურკვეველ მტკიცებულებას, თითქოს, რუსეთი არღვევდეს 1987 წელს დადებულ, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებას (INF). „რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის, სულ მცირე, სპეკულაცია“, თქვა ზახაროვა აშშ-ის ბრალდების თაობაზე. „აშშ-ის პოზიციის დამადასტურებელი მასალა ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ, განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის სცემდა პატივს ამ ხელშეკრულებას, რომელსაც მიიჩნევს სტრატეგიული სტაბილურობის და „საერთაშორისო უსაფრთხოების“ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეებს 5 დეკემბერს განუცხადა, რომ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლა „იქნებოდა სახიფათო ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ ევროპის, არამედ საერთო სტრატეგიულ სტაბილურობაზე“.ზახაროვას და გერასიმოვის კომენტარები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ნატოს შეხვედრაზე ბრიუსელში, რომ აშშ აღარ დაიცავს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას (INF), თუ რუსეთი არ შეწყვეტს მის დარღვევას. საამისოდ მოსკოვს 60 დღე მისცეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ულტიმატუმი „ვითარების გამწვავებაა“. 5 დეკემბრის განცხადებაში, პესკოვმა ვაშინგტონს ბრალად დასდო „ფაქტების მანიპულირება... რათა შენიღბოს აშშ-ის ნამდვილი მიზანი, გავიდეს ხელშეკრულებიდან“. ერთობლივ განცხადებაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაიჩივლეს, რომ რუსეთმა „ განავითარა და განათავსა სარაკეტო სისტემა, 9M729, რაც არღვევს საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ხელშეკრულებას და მუქარას წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG