Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ჰააგაში ელოდება ეთნოწმენდაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯას


გოჩა ლორთქიფანიძე
გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სიტყვით გამოვიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაზე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა, თუ რას ელოდება საქართველო ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისგან მოელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. მისი თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მას სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ აქვს კონკრეტული სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით. გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ, არამედ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ვინც საკუთარი ნებით არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება იმას, რომ მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და სამართლიანობა ყველაფრის მიუხედავად, ყველასთვის აღდგება.

5 დეკემბერს გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრად. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, ვინც ფონდში აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG