Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ აქტივისტზე თავდამსხმელისთვის სასამართლომ განრიდება მოითხოვა


2017 წლის 17 ნოემბერი
2017 წლის 17 ნოემბერი

არასრულწლოვან ს.კ.-ს საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ პროკურატურას განრიდების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა. 2018 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე ს.კ. თავს დაესხა სიტყვით გამომსვლელს, ლგბტ თემის წარმომადგენელ ნიქო გორგილაძეს. არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დახურული იყო. გარეთ შეკრებილ ხალხს გადაწყვეტილება ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ, გააცნო. ს.კ.-ს მხარდამჭერები მომხდარს ოვაციებით შეხვდნენ და ასეთი შედეგი საზოგადოების ძალისხმევის გამარჯვებად შეაფასეს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, განრიდება არის „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.“ კოდექსის მიხედვით, „სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს პროკურორს“, რომელიც „უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ.“

ნიქო გორგილაძეს, რომელიც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე შეკრებილებს მიმართავდა, ს.კ. თავს მოულოდნელად დაესხა. მომხდარიდან 20 დღის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზარალებულად ცნო. გორგილაძეს თავშესაფარის მოთხოვნა გერმანიამ დაუკმაყოფილა. როგორც მან ივნისში უთხრა რადიო თავისუფლებას, 17 მაისის შემდეგ, მის მიმართ მრავლად იყო მუქარისა და შევიწროვების გამოვლინებები.

„ორჯერ ავტობუსიდან მაგდებდნენ, „პიდარასტთან ერთად არ ვიმგზავრებთო“, ამბობდნენ. მე არ ჩავედი, მერე ავტობუსი წითელზე გააჩერეს და თვითონ ჩავიდნენ. გამომძიებელმა მკითხა, პროკურორს შეკითხვა გაუჩნდა, რატომ არ ჩახვედი, შეგეშინდა თუ აგრესიულად განწყობილ მგზავრებს იწვევდიო... ძნელია პოლიციასთან ურთიერთობა, დამცირების მეტს არაფერს იღებ, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ პრეცედენტი შემექნა - თუ არავინ დაისჯებოდა, გაეფრთხილებინათ მაინც მოძალადეები“, - უთხრა ნიქო გორგილაძემ რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG