Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელებისთვის საქართველოში მიწის საკუთრების უფლების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნეს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელის საფუძველზე.

სადავოდ გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33-ე პუნქტის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მოსარჩელეები ვერ ახერხებდნენ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ამავდროულად, მათ შეზღუდული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის უფლებაც. მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ ძალაში შედის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ. პრეზიდენტად არჩეული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG