Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი "არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ"


"არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი. სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს. „ემპათიის“ ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც 800 გვერდს მოიცავს, ჩადებულია ყველა ის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც მათი მტკიცებით, ჯარისკაცის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან დამნაშავენი.

ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სტრასბურგში წარდგენილია ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასამარლოს 87 გვერდიანი დასკვნა, რომელიც ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობას: „ამ დასკვნას ასევე ახლავს თან 445 გვერდიანი მტკიცებულება, რომელიც მთლიანობაში მოიცავს 40 დანართს. თუკი კომუნიკაციის ეტაპზე კვლავ გახდება საჭირო დამატებითი მტკიცებულებების, განმარტებების წარდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მათ წარსადგენადაც“.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე წლის აგვისტოს მიწურულს წარადგინა. ცენტრში აცხადებენ, რომ არსებობს 99%-იანი ალბათობა იმისა, რომ საქმეს დაზარალებული მხარე მოიგებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

XS
SM
MD
LG