საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადება მოიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება - საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარი იქნება ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია ამ საშინელი მკვლელობები მიუღებლობა. აუცილებელია, რომ ეუთო-ს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან მიღებული იყოს ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინა,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან მიმართებაში, რასაც მოწმობს ის მრავალრიცხოვანი განცხადებები და რეზოლუციები, რაც ბოლო დროს იქნა მიღებული, კერძოდ, ეუთო-ს ფარგლებში გაკეთებული განცხადება, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ირლანდიის პარლამენტის რეზოლუცია და ლიტვის გადაწყვეტილება.
მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნებია შშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა.