Accessibility links

ახალი ამბები

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, შეზღუდვა იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი იდგა და რაც მათი აზრით, სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს შეუქმნიდა.

735 000 ლარი, რომელსაც „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შემოსავლების სამსახური ედავებოდა, IBSU-ს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს, ანუ, პირველკურსელთა მიღების შეზღუდვიდან 6 დღეში გადაიხადა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის უნივერსიტეტმა ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 15 ოქტომბერს, სააპელაციო საბჭომ მიიჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და ის ხელახლა განსახილველად დაუბრუნა საბჭოს.

22 ოქტომბერს შეწყდა საგადასახადო დავა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა“ და სახელმწიფოს შორის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიწვია. სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.

შავი ზღვის უნივერსიტეტი არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, სემესტრის ბოლოს, უნივერსიტეტი მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა სამინისტრომ დაუშვას სტუდენტთა სპეციალური მობილობა. მობილობის შედეგად კი უნივერსიტეტი მოახერხებს იმ პირველკურსელთა დაბრუნებას, რომლებსაც განაცხადში, პირველ სასწავლებლად მონიშნული ჰქონდათ შავი ზღვის უნივერსიტეტი. შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასეთი სტუდენტების რაოდენობა 800-მდეა.

ყველა ახალი ამბავი

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შეიწყალა თავისუფლებააღკვეთილი რვა მსჯავრდებული და ისინი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს 24 მაისს დატოვებენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის - ერთი ქალი) და ისინი სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

შალვა ნათელაშვილი: დავით გარეჯი ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა

ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიჰყიდა, - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ის მოითხოვს, შეწყდეს ერთობლივი კომისიის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით მანამდე, ვიდრე პროცესებში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება.

“ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ, ბიძინა ივანიშვილმა, დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ოლიგარქ ილჰამ ალიევს.

გაცხარებული ტემპებით მიდის ამ წუთშიც მუშაობა, რათა ეს ქართული უძველესი სიწმინდე საბოლოოდ იქნას ოკუპირებული.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიშალოს ე.წ. მოღალატეობრივი დელიმიტაციის კომისია, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები, სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისი წერილები გაგზავნილია“,- აცხადებს ნათელაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯიდან ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც აზერბაიჯანის მხრიდან ბულდოზერებით მუშაობის პროცესი ჩანს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ მესაზღვრეები ამ დრომდე არ უშვებენ აქტივისტებს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერში.

24 მაისს ბაქოში გრძელდება ერთობლივი კომისიის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხს შეეხება.

ზელენსკი გერმანიის კანცლერს ესაუბრა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე. ისინი თანხმდებიან, რომ საჭიროა სამშვიდობო ძალისხმევის განახლება, რაც გულისხმობს მუშაობას „ნორმანდიის ფორმატშიც“ - მოლაპარაკებას უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით.

ხოლო გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა შტეფენ ზეიბერტმა ბერლინში აღნიშნა, რომ მერკელი და ზელენსკი თანხმდებიან უკვე არსებული სამშვიდობო შეთანხმებების „სრულად შესრულების“ აუცილებლობაზე.

ვრცელდება ასევე ცნობა, რომ, კრემლის განცხადებით, რუსეთი მხარს უჭერს ნორმანდიის ფორმატით შეხვედრას, თუ იარსებებს პოტენციალი მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად.

არავის სურს, რომ შეხვედრა გაიმართოს შეხვედრის გამოო, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, რის შესახებაც იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.

2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბრძოლებმა უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის.

გიორგი კანდელაკი: მანკიერია ფარული მიყურადების პრაქტიკა საქართველოში

ფარულ ჩანაწერებთან და მიყურადებასთან მიმართებით პრობლემად არა საკუთრივ სტატისტიკას, არამედ სტატისტიკის უკან მდომ ტენდენციებს თვლის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი.

მისი თქმით, უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები საქართველოში ხშირად ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება.

„პრობლემაა, რაც ამ სტატისტიკის მიღმა ხდება და რაზეც იხარჯება რესურსები. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში როგორ იდება ფარული ჩანაწერები, არალეგალური გზით მოპოვებული... სერგო რატიანზე, ოპოზიციის ლიდერებზე...ზოგი ფაბრიკაციაა, ზოგი ნამდვილი ჩანაწერია, მათ შორის - პირად ცხოვრებაზე გამოქვეყნებულა, მათ შორის - ყოფილ წევრებზე მმართველი პარტიისა და კოალიციისა“.

ამასთან, გიორგი კანდელაკის თქმით, სადაც საჭიროა, სწორედ იქ არ ახორციელებს სახელმწიფო თვალთვალსა და მიყურადებას.

„აღმოჩნდა, რომ ის სახლი, სადაც ჩატაევი და ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები, ტერორისტები, იმყოფებოდნენ, არ იყო ფარული მიყურადების ქვეშ... ასევე ამ წლების განმავლობაში რუსეთის არცერთი ჯაშუში არ დაუკავებიათ“, - განაცხადა კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ფარული ჩანაწერებისა და მიყურადების შესახებ კომენტარი IDFI-ის გამოკვლევის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტები, გაზრდილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვიც. ამას ადასტურებს სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი.

ტრამპმა სადაზვერვო უწყებებს დაავალა თანამშრომლობა მისი საარჩევნო კამპანიის „თვალთვალის“ გამოძიებასთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და იუსტიციის მინისტრი უილიამ ბარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, სრულად ითანამშროლონ იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც შეისწავლის 2016 წლის კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამოძიებას.

ტრამპის განკარგულება 23 მაისს გამოქვეყნდა და მიჩნეულია თეთრი სახლის მორიგ ნაბიჯად სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების წინააღმდეგ.

მიულერის ანგარიში გასულ თვეში გამოქვეყნდა. ის ამყარებს აშშ-ის დაზვერვის დასკვნებს 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის შესახებ და ასახავს ტრამპის მცდელობას, დაბრკოლებები შეექმნა მიულერის გამოძიებისათვის.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპი და მისი ზოგი რესპუბლიკელი მოკავშირე მოითხოვენ „გამომძიებელთა მუშაობის გამოძიებას“.

გამოძიება დაიწყო აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), მაგრამ გააგრძელა მიულერმა მას შემდეგ, რაც 2017 წლის მაისში ტრამპმა მოხსნა FBI-ის მაშინდელი დირექტორი, ჯეიმს კომი.

იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამავე დროს გენერალური პროკურორია, უილიამ ბარმა გამოთქვა შეფასება, რომ FBI „ჯაშუშობდა“ ტრამპის კამპანიის მიმართ. ამ შეფასებას უარყოფს FBI-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი.

აღაიანში მოკლული ბავშვის მამა შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს

ლონდა თოლორაია

შესაძლოა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სოფელ აღიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამის წინააღმდეგ - ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედა ორსულობის დროს 15 წლის იყო, კანონის მიხედვით კი - დანაშაულია სექსუალური კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან - „15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია“.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს 23 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ლოგიკურს უწოდებს

ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ როცა სახელმწიფო ებრძვის ე.წ. ქურდულ სამყაროს და ორგანიზებულ დანაშაულს, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლოგიკურია.

ანრი ოხანაშვილის ეს კომენტარი მოჰყვა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევას, რომლის თანახმად, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის და სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვი.

„სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და შესაბამისად, შესაძლებელია მონაცემის მატება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ამ დანაშაულთან ბრძოლის დროს, რა თქმა უნდა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების გამოყენება არის აუცილებელი" - განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კატეგორიულად უარყო ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცება, რომ ხელისუფლება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს მათ წინაღმდეგ იყენებს, და თქვა, რომ ამ პრაქტიკას დღევანდელი ოპოზიცია მიმართავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

სომხეთში გაასაჩივრეს გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობიდან ქოჩარიანის გათავისუფლების შესახებ

ერევანი, 2019 წლის 15 მაისი: სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი სასამართლოს სხდომაზე, მხარდამჭერებთან მისალმებისას

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილებები ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის სასამართლო პროცესის გაუქმებისა და წინასწარი პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.

გენერალურმა პროკურატურამ 23 მაისს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთი ეხება სისხლის სამართლის საქმეებს ქოჩარიანისა და მაღალი რანგის სხვა ოფიციალური პირების მიმართ, ხოლო მეორე - პატიმრობიდან ქოჩარიანის გათავისუფლებას.

ყოფილი პრეზიდენტი ამ თვეში წარდგა სასამართლოს წინაშე კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდებით. ბრალდება უკავშირდება მის გადაწყვეტილებებს 2008 წელს, პრეზიდენტობის ბოლო კვირებში. ქოჩარიანი დეკემბრიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

18 მაისს ერევნის სასამართლომ გამოაცხადა, რომ ქოჩარიანი უნდა გათავისუფლდეს, რახან მთიანი ყარაბაღის ლიდერები მას თავდებში უდგებიან და იძლევიან გარანტიას, რომ ის სასამართლოში გამოცხადდება საქმის განახლებისთანავე.

ორი დღის შემდეგ სასამართლომ შეაჩერა სისხლის სამართლის საქმის წარმოება და განაცხადა, რომ საქმეს გადასცემს კონსტიტუციურ სასამართლოს ქოჩარიანის სტატუსის დასადგენად - ანუ, იმის დასადგენად, ქოჩარიანი კერძო პირად უნდა განიხილებოდეს, თუ პრეზიდენტად.

რუსეთში წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელეს ამერიკის მოქალაქე პოლ უილანს

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა შეერთებული შტატების მოქალაქეს, ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს, რომელიც თავის დაკავებას მიიჩნევს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ ნაბიჯად - ანგარიშსწორებად აშშ-ის სანქციებისათვის.

მოსკოვის ლეფერტოვოს საოლქო სასამართლომ 24 მაისს უარყო უილანის ადვოკატის შუამდგომლობა მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის თხოვნით და 29 აგვისტომდე გააგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა.

უილანი აშშ-ის გარდა ირლანდიის, კანადისა და ბრიტანეთის მოქალაქეა. ის მოსკოვში 28 დეკემბერს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართლოს სხდომაზე უილანმა თქვა, რომ დაკითხვის დროს მას ემუქრებოდა და დამამცირებლად ეპყრობოდა გამომძიებელი ალექსეი ხიჟნიაკი.

დაკავებული ამერიკელის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მოსკოვში ქორწილზე იყო ჩასული.

რუს ოფიციალურ პირებს არ გაუსაჯაროებიათ უილანისათვის წაყენებული ბრალდების დეტალები.

ადვოკატი ბათუმელი სტუდენტი გოგონას მიმართ ბულინგის საფრთხეს ხედავს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა დისციპლინური კომისიის დახურული სხდომა, რომელზეც განიხილეს მეორე კურსის სტუდენტი გოგონას განცხადება პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.

სხდომას ესწრებოდა თავად სტუდენტი, რომელმაც მედიასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. იურიდიული ფაკულტეტის მეორეკურსელმა უარი თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატზეც, რომელიც მანამდე მის ინტერესებს იცავდა საგამოძიებო ორგანოებში გამოკითხვის დროს.

გოგონას ახალი ადვოკატი ზაზა პაპიძეა. მისი განცხადებით, სტუდენტის ინტერესების დაცვას დღეიდან შუდგა. სადისციპლინო კომისიის სხდომა პაპიძის მოთხოვნით დაიხურა. ადვოკატის განმარტებით, გოგონა არ უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი, რისი ნიშნებიც უკვე არსებობს.

სტუდენტის მხარემ დისციპლინურ კომისიას მტკიცებულებები წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარის ანზორ ბერიძის ინფორმაციით, საუბარია მანამდე მედიით გავრცელებულ მასალებზე. კერძოდ, 19 წლის სტუდენტთან პროფესორის სავარუდო მიმოწერაზე და ინტიმურ ფოტოებზე, რომლებსაც გოგონას თქმით, ლექტორი უგზავნიდა და ასეთივე ფოტოებს თხოვდა.

ბათუმის რექტორის ბრძანებით შექმნილი დისციპლინური კომისია, რომელშიც 2 სტუდენტი და 5 პროფესორია, 30 მაისამდე გამოკითხავს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს.

კომისია გამოკითხავს სხვა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომლებსაც შესაძლოა, საქმესთან კავშირის მქონე ინფორმაცია ჰქონდეთ.

პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეა. მან 23 მაისს, ტელეკომპანია TV 25-თან საუბრისას სტუდენტის ბრალდება უარყო.

რადიო თავისუფლებას საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მახარაძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ბათუმში 28 მაისს დაბრუნდება და განცხადებას გააკეთებს.

სექსუალური შევიწროების შესახებ სტუდენტის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

IDFI:  სატელეფონო მოსმენების ფაქტები გაზრდილია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისადა ჩაწერის ფაქტები, გაზრდილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვიც. ამას ადასტურებს სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი.

IDFI-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება.

2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი.

86%-დან 96%-მდეა გაზრდილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც.

მსგავსია ტენდენცია სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებითაც.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა სასამართლოებში განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რიცხვი.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევე, ამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილი შუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელს, რაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლის შედეგებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.

IDFI საგულისხმო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხილული შუამდგომლობების რიცხვი.

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნების ფაქტებიც. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

"რუსთავი 2"-ში პარტნიორთა კრება დაინიშნა

სამაუწყებლო კომპანიის „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით, 25 მაისს, 15 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნება დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობა. ყავლაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ნინო ნიჟარაძის პარტნიორები და „რუსთავი 2“-ის დირექტორი ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, სთავაზობს, რომ დავა არბიტრაჟის ან აუდიტორული კომპანიის საშუალებით გადაწყდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ „რუსთავი 2“-ის დირექტორს კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მსოფლიოში წამყვანი აუდიტორული კომპანიებისთვის” - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თუ აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადგინდება, რომ თანხები, რომელსაც ნინო ნიჟარაძე ედავება პარტნიორებს და დირექტორს, კომპანიის სასარგებლოდ არ არის გაფლანგული, ან რაიმე სხვა ფორმით დაკარგული, სასამართლოდან სარჩელს გაიტანს

„თუ სხვა პოზიცია დადგინდება დასკვნიდან გამომდინარე, შევთანხმდებით სასამართლოთი გაგრძელდეს ეს დავა, თუ არბიტრაჟის მეშვეობით” - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის სურვილია, რომ პარტნიორთა კრებას „რუსთავი 2-ის“ გარდა სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც დაესწრონ, რათა არ მოხდეს ამბის ერთი პოზიციიდან გაშუქება.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნინო ნიჟარაძე სხვა მოწილეებისა და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისგან სასამართლოს გზით ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 28 მილიონ ლარს.

ეს მოთხოვნა ხელისუფლების დაკვეთით არხზე მორიგ შეტევად შეაფასა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა ეს მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ წილის მფლობელმა პარტნიორებთან კომუნიკაციის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და პარტნიორებს ედავება 28 მილიონ ლარს - მილიონნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენს ტელეკომპანიის სასარგებლოდ.

ტერეზა მეი 7 ივნისს გადადგება

ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომ 7 ივნისს გადადგება თანამდებობიდან.

მას თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა, გაათავისუფლოს ადგილი ახალი ლიდერისათვის, რომელიც შეძლებს ქვეყნის გამოყვანას ბრექსიტის გარშემო ჩიხიდან.

„ჩემთვის ახლა ნათელია, რომ ქვეყნის ინტერესებშია ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ძალისხმევას გაუძღვება“, განაცხადა მეიმ.

დავით ქაცარავა: დავით გარეჯში ისევ ბულდოზერებით მუშაობენ

სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯიდან ავრცელებენ ვიდეოკადრებს, სადაც აზერბაიჯანის მხრიდან ბულდოზერებით მუშაობის პროცესი ჩანს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ მესაზღვრეები ამ დრომდე არ უშვებენ აქტივისტებს ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერში.

აქტივისტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის მხარე გარეჯში გზას აშენებს, თუმცა ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე ადასტურებს. მშენებლობასთან დაკავშირებით 28 მაისს იგეგმება აქცია და ცოცხალი ჯაჭვი.

24 მაისს ბაქოში სრულდება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე.

ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს

ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას ტოვებს. მან ეს-ესაა, ლონდონში განაცხადა, რომ „სამწუხაროდ“ ვერ შეძლო პარლამენტარების დარწმუნება ბრექსიტის შესახებ თავისი გეგმის სისწორეში.

აშშ-თან დაძაბულობის ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს სტუმრობს

ზარიფი და ყურეში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 24 მაისს ისლამაბადში თავის პაკისტანელ კოლეგას შაჰ მაჰმუდ ყურეშის შეხვდა. ჯავად ზარიფი პაკისტანს ესტუმრა 23 მაისს იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად არის დაძაბული ურთიერთობა თეირანსა და ვაშინგტონს შორის. ზარიფმა პაკისტანიდან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ნაბიჯი ირანისადმი აშშ-ის „აგრესიული“ პოლიტიკის წინააღმდეგ. ჯავად ზარიფმა ძალიან სერიოზული უწოდა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომლის გადაჭრასაც, ირანელი მინისტრის თქმით, ყველა მხარის მონაწილეობით დიალოგი სჭირდება.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის. მის თანახმად, ირანს უნდა შეეზღუდა ბირთვული პროგრამა და ამის სანაცვლოდ, დასავლეთს უნდა გაეუქმებინა სანქციები ირანის მიმართ. მას მერე აშშ-მა გააძლიერა თავისი რიტორიკა და დაუწესა ახალი სანქციები თეირანს.

საქართველოში იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების(CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი.

ის პირადად ეცნობა საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგებს. დღეს რობერტ რედფილდი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდა.

საქართველოში CDC-ის მისიაა ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციით.

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვა.

ეროვნული ცენტრის განმარტებით, CDC-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში.

1996 წელს სწორედ CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოიყენეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში.

2009 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის.

შსს: გამოძიებაში იკვეთება 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ნიშნები

სოფელი აღაიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა, მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო 16 წლის.

შესაბამისად, ეს ფაქტი შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და გულისხმობს 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს.

დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, უკვე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე.

22 მაისს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და თვითონ სახლიდან წავიდა. მოკლული ბავშვი მამამ გამთენიისას იპოვა. პოლიციამ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის მ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა და ბრალი წარუდგინა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

ჩინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ვან ი და დავით ზალკალიანი

დღეს, 24 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და ვან ის შეხვედრა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 23 მაისს, ღამით ჩამოვიდა.

მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის განვითარება „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა.

დავით ზალკალიანმა ვან ის ვიზიტს ისტორიული უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური ვიზიტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი საქართველოს ანიჭებს. ზალკალიანის შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობების გაღრმავებაში.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში სამაგალითოა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის კიდევ უფრო განავითაროს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები. ვან ის განცხადებით, ჩინეთი პატივს სცემს საქართველოსა და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის მოხარულია, როცა ქვეყნები ცდილობენ გაყვნენ განვითარების გზას ხალხის საჭიროებების გათვალისწინებით.

„გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან იმ აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შესწავლას და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას. „კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვან იმ საქართველოს მიულოცა მოახლოებული დამოუკიდებლობის დღე.

ოფიციალური ვიზიტისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყეს. ისინი ადგილობრივებს პროტესტის გაზიარებისკენ მოუწოდებდნენ შეძახილებით „მაღაროელებს გაუმარჯოს!“, „ჭაითურას გაუმარჯოს!“ მსვლელობის დასრულების შემდეგ გაფიცული მაღაროელები ქალაქის ცენტრში „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის გვერდით მდებარე სკვერში შეჩერდნენ სადაც მეშვიდე დღეა აქციას მართავენ.

გუშინ მოშიმშილე მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. 14 მაღაროელი მეშვიდე დღეა შიმშილობს.

მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები და შესაბამისად, კოოპერატივების მიერ მოპოვებული მადანიც ქალაქიდან არ გადის. მაღაროელთა მოთხოვნები კი შემდეგია:

  • ხელფასების მატება 30%-ით და რეორგანიზაციის შემდეგ +20%;
  • უკეთესი ჯანდაცვის და სადაზღვეო პირობები მაღაროელებს და მათ ოჯახებს;
  • მაღაროელთა უკეთესი კვება;
  • მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილების აკრძალვა ქალაქის ტერიტორიაზე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზე“ გაფიცულთა მოთხოვნის ნაწილბრივ დაკმაყოფილებას თანხმდება. ხელფასის 25%-იან მატებას. რასაც მაღაროელები არ თანხმდებიან.

ამასთან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა. არ გააფრთხილეს კომპანია გაფიცვის დაწყების შესახებ 21 დღით ადრე.

გაფიცულმა მაღაროელებმა, დამსაქმებელთან მოლაპარაკების პროცესში მედიატორის ჩართვაზე უარი განაცხადეს.

დღეს ისინი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ ჩაერთოს მათი მოთხოვნების მოგვარების პროცესში.

ტოჩინოშინს მეათე ქულა მსაჯთა კონსილიუმმა გაუუქმა

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, მაისის ბაშოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძეს ოძეკის წოდებას ისევ ერთი ბრძოლის მოგება აშორებს. უმთავრესი მიზნის მისაღწევად ქართველ რიკიშის ათი გამარჯვება სჭირდება მიმდინარე სუპერტურნირზე. დღეს გამართულ მეცამეტე ტურის შეხვედრაში მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ... უკვე აღებული მეათე ქულა დოჰიოს მიღმა მყოფმა მსაჯებმა მოუხსნეს.

ავტორიტეტულ მსაჯთა ხუთეულმა ჩათვალა, რომ გიოჯის (დოჰიოს მსაჯის) გადაწყვეტილება საკამათო იყო და მონოი (კონსილიუმი) შეიკრიბა. დაახლოებით ათწუთიანი მსჯელობის შემდეგ გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს. მონოის ვერდიქტმა დარბაზში შეკრებილი მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ტოჩინოშინი, რომელიც „იმპერატორის თასის“ ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იყო, საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა. ასანოიამა კი ნაჩუქარი ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

ცამეტი ტურის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა მოგება და ოთხი წაგებაა. ტოჩინოშინი ასანოიამას ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ იოკოძუნა კაკურიუს - ერთით.

25 მაისს, მეთოთხმეტე ტურში ქართველი რიკიში ოძეკის წოდების დაბრუნებას კაკურიუსთან შეხვედრაში შეეცდება. აქამდე მას ოცდაექვსჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ სამჯერ აჯობა.

რანგით მეორე ჯურიო ლიგაში, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელისთვის კი მეცამეტე ტური წარმატებული გამოდგა - მერვე გამარჯვება იზეიმა და საბოლოო დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში ვადაზე ადრე გაინაღდა. მომავალ ბაშოს ჯუღელი გაუმჯობესებული რეიტინგით შეხვდება.

ბათუმის უნივერსიტეტის სპეციალური კომისია სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე მსჯელობს

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს დისციპლინური კომისიის დახურული სხდომა, რომელზეც განიხილავენ მეორე კურსის სტუდენტი გოგონას განცხადებას პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწორების შესახებ.

სხდომიდან ჟურნლისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გასვლა მოითხოვა სტუდენტის ადვოკატმა.

დისციპლინური კომისიის თავმჯდომარის, ანზორ ბერიძის განმარტებით, მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა, რათა საჯარო არ გახდეს პირადი ინფორმაცია. ამასთან, ბერიძის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჯარო გახდება სხდომის ოქმების ის ნაწილი, რომლის გამოქვეყნებასაც ადვოკატი დათანხმდება.

თავად სტუდენტი გოგონა სხდომაზე მივიდა მისი დაწყებიდან რამდენიმე ხანში.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი დისციპლინური კომისიის წევრები არიან ორი სტუდენტი და ხუთი პროფესორი.

პროფესორი, რომელსაც სტუდენტი გოგონა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეა. მან 23 მაისს, ტელეკომპანია TV 25-თან საუბრისას სტუდენტის ბრალდება უარყო.

რადიო თავისუფლებას საკრებულოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მახარაძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ბათუმში 28 მაისს დაბრუნდება და განცხადებას გააკეთებს.

სექსუალური შევიწროების შესახებ სტუდენტის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს ამ თვეში მეორედ კეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დროებით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს. ამჯერად, მიზეზად დასახელებულია სკოლებში „ბოლო ზარის“ აღნიშვნა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 24 მაისს 20 საათიდან შეწყდება მოქალაქეთა გაშვება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის ადგილებში.“ შეზღუდვა მოიხსნება 26 მაისს, დილის 6 საათიდან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი 8 მაისსაც დაკეტა. მაშინ მიზეზად დაასახელეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავის უსაფრთხოდ აღნიშვნის აუცილებლობა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს.

უკრაინაში საარჩევნო კამპანია დაიწყო

უკრაინაში დაიწყო საარჩევნო კამპანია 21 ივლისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისს მოაწერა ხელი პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს დანიშვნის განკარგულებას, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო გამოცემაში 23 მაისს გამოქვეყნდა. შესაბამისად, უკრაინის ამ მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 23 მაისიდან შეწყვიტა.

კანონის თანახმად, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საარჩევნო კამპანია დაიწყო.

დათხოვნამდე ერთი დღით ადრე, 22 მაისს, უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ახალი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ბარიერის შემცირებას 5-დან 3%-მდე. ზელენსკის წინადადების მისაღებად საჭირო იყო 226 დეპუტატის ხმა, თუმცა, მხოლოდ 92-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

შესაბამისად, 21 ივლისის რიგგარეშე არჩევნები კვლავ შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარტიული სიებით პარტიებს კვლავ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

რუსეთმა ამერიკელ დიპლომატს ვიზა არ მისცა

ვიქტორია ნულანდი

რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შეუშვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი.

გამოცემა „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ნულანდი შეტანილია „შავ სიაში,“ რომელიც მოსკოვმა შეადგინა აშშ-ის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების საპასუხოდ.

ყირიმის ანექსიის გამო აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია საჯაროა, განსხვავებით მოსკოვის სიისგან, ამიტომ ამერიკელები აკრძლვის შესახებ მხოლოდ რუსეთის ვიზის მოთხოვნის შემდეგ იგებენ.

ვიქტორია ნულანდმა რუსეთის ვიზა ითხოვა მოსკოვში, დახურულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ამ კვირაში გამართული კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭო, გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოება და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

2016 წელს რუსეთში არ შეუშვეს აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლიც. ვიქტორია ნულანდის მსგავსად, მაკფოლმაც რუსულ „შავ სიაში“ ყოფნა მას შემდეგ შეიტყო, რაც საკონსულოს ვიზისთვის მიმართა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG