Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა. განცხადების მიხედვით საქართველოს მეგობრები გმობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის გაგრძელებას რუსეთის მიერ, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს მოუწოდებენ ამგვარადვე მოიქცნენ.

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. განცხადებაში ღრმა შეშფოთებაა ასევე გამოხატული რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ფორმატებისადმი, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი.

განცხადებაში საქართველოს მეგობრები გმობენ იძულებით გადაადგილებულ პირთა-არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას,როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას და დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

ამ კონტექსტში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრა, ჩვენ ვითვალისწინებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ეფუძნება.

ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ვგმობთ ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის, წამების შესახებ ბრალდებებს და სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ფაქტებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს. შეშფოთებულები ვართ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით გამოწვეული შედეგებით.

ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მასობრივი განადგურების ფაქტს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის კვალის სრული გაქრობისკენ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოხატულებაა. მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას,“-აღნიშნულია ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, საქართველოს მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, მიესალმებიან ძალის არგამოყენების შესახებ ქვეყნის მიერ აღებულ ცალმხრივ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, ნაცვალგების საფუძველზე ამგვარადვე მოიქცეს, დაადასტუროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების ვალდებულება.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები მოუწოდებენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის გახსნაზე, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG