Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლების გამო პრეზიდენტი მაკრონი საგანგებო მიმართვას ამზადებს


ემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციებით გამოწვეული სიტუაციის გამო. მანამდე მაკრონი შეხვდება პროფკავშირების, ბიზნესის და პარლამენტის წარმომადგენლებს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები გადასახადების შემცირებას, ხელფასის და პენსიის გაზრდას და პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ. გასული კვირის ბოლოს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა დიალოგისთვის მზად არის და პრეზიდენტს აქვს ახალი წინადადებები. ფილიპს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საფრანგეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ახალ გადასახადს, რომელიც საწვავის გაძვირებას გამოიწვევდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მთავრობამ ახალი გადასახადის შემოღება გადაავადა, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა ხელფასის და პენსიის გაზრდის მოთხოვნით.

საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებს ყვითელი ჟილეტები აცვიათ, პარიზში რამდენჯერმე გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 17 ნოემბრის შემდეგ, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო ვაჭრობის სფერომ დაკარგა დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს შემოსავალი. ამავე პერიოდში პარიზში მინიმუმ 10%-ით შემცირდა სასტუმროების დაჯავშნის მაჩვენებელი, რომელიც ტრადიციულად მაღალია საშობაო და საახალწლო პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG