Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული მარში" პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს


ქართული მარში საქმიანობის პოლიტიკური მოძრაობის სახით გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ 10 დეკემბერს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა. გარდა ამისა, ქართული მარში მთავრობის კანცელარიასთან აქციებს აანონსებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ბლოკში სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად. ახლა მიდის კონსულტაციები. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ დასახელებისგან იმიტომ რომ კონსენსუსი არ შემდგარა იმის თაობაზე თუ ვისთან ერთად ვიქნებით, თუმცა ვიქნებით ძალიან წარმომადგენლობითი შემადგენლობით. ზუსტად ის ცენტრი რომელსაც საზოგადოება ელოდება შეიქმნება ამ გაერთიანების ირგვლივ“, - განაცხადა მორგოშიამ.

ქართული მარში ამ ეტაპზე მოითხოვს შეიცვალოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევის წესი და ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. აქციების დაწყებას კი ორი კვირის ვადაში გეგმავს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოკავშირეებს, მორგოშია კატეგორიულად გამორიცხავს ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. მან უარყო რაიმე მოლაპარაკებების მიმდინარეობა პატრიოტთა ალიანსთან თუმცა მათთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

კონსტანტინე მორგოშიას თქმით იგეგმება თანამშრომლობა ევროპის ნაციონალისტურ ჯგუფებთანაც, როგორიცაა გერმანული PEGIDA (ევროპელი პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ) და ფრანგულ ეროვნულ ფრონტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG