Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესაფლავეთა მიერ მარტვილში აღმოჩენილი მონეტები სავარაუდოდ მე-7 და მე-10 საუკუნეებისაა


ბანძაში ნაპოვნი მონეტები
ბანძაში ნაპოვნი მონეტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მესაფლავეთა მიერ აღმოჩენილი მონეტები სხვადასხვა საუკუნით თარიღდება და სავარაუდოდ, ადგილობრივი ტაძრის საგანძური იყო - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა გივი ელიავამ, რომელმაც მონეტები პოლიციაში წაღებამდე დაათვალიერა. გივი ელიავას ინფორმაციით, საფლავის გათხრისას ნაპოვნი მონეტები სავარაუდოდ, მეშვიდე და მეათე საუკუნეებისაა. მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ ეს არის ტაძრის საგანძური, რომელიც მღვდელმა ანტონ კეკელიამ გადამალა, როცა საბჭოთა პერიოდში ბანძის ტაძარს დანგრევის საფრთხე დაემუქრა. გივი ელიავა ამბობს, რომ არსებული ცნობების თანახმად, საგანძურს ანტონ კეკელია ქველმოქმედებისთვის იყენებდა. მონეტები ნაპოვნია სწორედ საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც საფლავს თხრიდნენ ანტონ კეკელიას გარდაცვლილი შვილიშვილის დასაკრძალად.

ინფორმაცია, რომ სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა აღმოაჩინეს თიხის ქოთანი ოქროს და ვერცხლის მონეტებით, 10 დეკემბერს გავრცელდა. მპოვნელებმა ნივთების ნაწილი საფლავის მფლობელ ოჯახს გადასცეს, ნაწილი კი გასაყიდად ქუთაისში წაიღეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო ნივთის ფარულად დაუფლების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სრულად ამოიღეს მპოვნელების მიერ თანხის სანაცვლოდ ქუთაისში ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც ოჯახისთვის გადაცემულ მონეტებთან ერთად დაცულია ნივთმტკიცებების სპეციალურ ოთახში. შსს-ს განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა ექსპერტიზით გადაწყდეს ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღების და შეფასების საკითხი.

XS
SM
MD
LG