გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარკ ლოუკოკი აცხადებს, რომ გაეროს სჭირდება 4 მილიარდი დოლარი იემენში მილიონობით ადამიანისათვის მომავალი წლის ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად.
როგორც ლოუკოკმა 10 დეკემბერს უთხრა ჟურნალისტებს, იემენში ჰუმანიტარული მდგომარეობა „მნიშვნელოვნად“ და „დრამატულად“ არის გაუარესებული და 250 ათასი იემენელი „კატასტროფის“ წინაშე დგას. მან 4 მილიარდი დოლარი დაასახელა თანხად, რომელსაც გაერო მოითხოვს დონორთა კონფერენციაზე ჟენევაში, 26 თებერვალს. მანვე გამოთქვა იმედი, რომ პოზიტიური შედეგი მოჰყვება გაეროს სპონსორობით შვედეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებას იემენის კონფლიქტის შესახებ.
იემენის მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი და მისი სამხედრო მოკავშირეები ეხმარებიან, თითქმის ოთხი წელია ებრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთიტ მეამბოხეებს. კონფლიქტმა მძიმედ დააზარალა მშვიდობიანი მოსახლეობა. დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს აღემატება.
გაერო მსოფლიოს უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად მიიჩნევს იემენში შექმნილ ვითარებას.