„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას შეცვალოს კვალიფიკაცია 12 ივლისს მოკლული 22 წლის გევორქ სარქისიანის საქმეზე და და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, გევორქ სარქისიანის სისხლის სამართლის მასალების მიხედვით იკვეთება, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდა 9 პირი, შესაბამისად, მათი განცხადებით, აშკარად ჩანს რამდენიმე პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები, თუმცა, პროკურატურა აღნიშნულ საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, სადაც აღნიშნული მუხლით ბრალი მხოლოდ ერთ პირს აქვს წარდგენილი, დანარჩენი 4 პირის საქმე კი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე, კერძოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დავით სარალიძის მკვლელობის საქმესა და ასევე უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემთხვევაზე, გამოიკვეთა პროკურატურის მხრიდან ანალოგიური, მანკიერი პრაქტიკა, პროკურატურას არ მოუხდენია ჯგუფური დანაშაულზე აქცენტის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში აშკარად იყო გამოკვეთილი ორზე მეტი პირის მონაწილეობა.
ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურის ასეთი არაეფექტური, კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობა, მნიშვნელოვნად ასუსტებს მართლმსაჯულების ხარისხს და პირდაპირ მიუთითებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის სისუსტეზე, ასევე სახელმწიფოს ნების დეფიციტზე, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს.