„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ უმცირესობა ფარისევლობაში დაადანაშაულა. „მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, ვინც არჩევანი გააკეთა გამოაცხადეთ მოძალადეებად და მელია ჩაწერეთ მშვიდობის მტრედებში. ასეთი კრეატივიზმი დღეს აქ არ ყოფილა“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, ნიკა მელიას პოლიტიკური ამნეზია და უპასუხისმგებლობა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიგა ბოკერიამ ირაკლი კობახიძეს დააბრალეს. „მოგიწოდებთ, ცოტა სამართლიანები იყავით და მელიას გადაფუთვას მოეშვით. მელიას გადაფუთვით ისევ მელაის მიიღებთ. ნუ, უკეთეს შემთხვევაში, სააკაშვილს. მიხედეთ თქვენ პოლიტიკურ პარტიას. გაკოტრდებით კიდევ უფრო ბოლომდე“ - მიმართა „ევროპულ საქართველოს“ არჩილ თალაკვაძემ.
უმცირესობის წევრებმა გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას და "პატრიოტთა ალიანსის" წევრს ირმა ინაშვილს შორის. მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდა "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი. ამ ინციდენტამდე უმრავლესობის წევრები გააღიზიანა ნიკა მელიას გამოსვლამ, როცა არჩევნების დროს მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე საუბრისას კრიმინალები უწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და "ქართული ოცნების" დეპუტატს ენზელ მკოიანს.