„ქუთაისის 2019 ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და აქტივისტების შენახვაზეა ორიენტირებული“, - ასე ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით გოგისვანიძე, ქალაქის ბიუჯეტის პროექტს.
„საბიუჯეტო სახსრების 60-70% სახელფასო ფონდისთვის განკუთვნილი თანხაა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისათვის იბრძოდნენ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები დასაქმებულიყვნენ. არავინ არ ფიქრობს, რა სჭირდება ქუთაისის მომავალს, მას შემდეგ, რაც მან საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა“,- ამბობს დავით გოგისვანიძე.
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ უცვლელია ბიუჯეტის პროგრამული პრიორიტეტები და მათ დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხებიც.
ოპოზიციის წარმომადგენლები ყურადღებას 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელ თანხებზეც ამახვილებენ. მათივე განმარტებით, განათლების სფეროში აუთვისებელია 116 000 ლარი, სპორტში 23 000 ლარი, კულტურის სფეროში 118 000 ლარი, ახალგაზრდული მიმართულებით კი 51 000 ლარია დასახარჯი. რაც მათი განცხადებით, არასწორი მენეჯმენტის ბრალია. ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას პრიორიტეტების გადახედვას ურჩევს.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 66 363 000 ლარი იყო. 2019 წლის წლის ბიუჯეტის პროექტში 54 975 000 ლარია განსაზღვრული.