საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5-წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიენიჭა: წითელი ჯვრის მოწყალების დას მარო მაყაშვილს, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკს მამია ალასანიასა და სოხუმის მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ერთადერთხელ გამოიყენა თამარ მეფის ორდენით დაჯილდოების უფლებამოსილება და აღნიშნული სახელმწიფო ჯილდო ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისათვის ირინა ენუქიძეს (სიკვდილის შემდეგ) მიანიჭა.
ოქროს საწმისის ორდენი გადაეცა 25 უცხოელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.
გიორგი მარგველაშვილმა წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა 26 ადამიანი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით - 52, წმინდა ნიკოლოზის ორდენით - 4, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით - 78, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით - 107, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით - 95, ღირსების ორდენით - 225, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 10, მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ – 46, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 19, ღირსების მედლით - 76.