Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაგეგმილია უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა


კიევში, სოფიის ტაძრის წინ, შეიკრიბნენ უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის მომხრეები.
კიევში, სოფიის ტაძრის წინ, შეიკრიბნენ უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის მომხრეები.

კიევში, სოფიის ტაძარში, მიმდინარეობს საეკლესიო კრება, რომელზეც დაგეგმილია უკრაინის ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. სოფიის მოედანზე შეიკრიბნენ ავტოკეფალიის მომხრეები, სცენაზე გამოდიან საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ახალი ეკლესიის შექმნას უჭერენ მხარს.

საეკლესიო კრებას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის აქტიური მომხრეა.

კრებაში მონაწილეობენ ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქები.

კრებამ უნდა დაამტკიცოს ახალი ეკლესიის წესდება, რომელიც ადრე შეიმუშავა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, და უნდა აირჩიოს წინამძღოლი. კანდიდატთა შორის ასახელებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტებს - ფილარეტს, ეპიფანესა და მიხეილს. ახალი ეკლესიის წინამძღოლს, როგორც ჩანს, ექნება მიტროპოლიტის და არა პატრიარქის ტიტული.

მას მერე, რაც შეიქმნება ახალი ეკლესია, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მას ავტოკეფალია უნდა მიანიჭოს. როგორც იტყობინებიან, ტომოსის - ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის - გადაცემა მომავალი წლის 6 იანვარს მოხდება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ავტოკეფალიას და მიიჩნევს, რომ უკრაინა მისი კანონიკური ტერიტორიაა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ახლახან მიმართვები დაუგზავნა რომის პაპს, ფრანცისკეს, მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე რიგ ქვეყნებს. მათში კირილე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.

XS
SM
MD
LG