Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ კოენი ამტკიცებს, რომ ტრამპის პირდაპირი მითითებით არღვევდა კანონს


მაიკ კოენი
მაიკ კოენი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი იურისტი მაიკ კოენი, რომელსაც ახლახან სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამტკიცებს, რომ ტრამპის პირდაპირი მითითებით არღვევდა კანონს.

ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კოენმა თქვა, რომ მოქმედებდა ერთგულების გამო ადამიანის მიმართ, რომლის მიმართ ერთგულება არ ღირდა. ასევე მან თქვა, რომ მისი მოქმედებები მიზნად ისახავდა საპრეზიდენტო კანდიდატის „ბინძური საქმეების“ დაფარვას.

საქმე ეხება პირველ რიგში თანხის გადახდას ორი ქალისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ ტრამპთან. კოენმა ქალებს დუმილისთვის გადაუხადა - როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული - პიროვნების მითითებებით, რომელშიც, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი იგულისხმება. ეს მოხდა საარჩევნო კამპანიის დროს. კოენმა დაადასტურა, რომ ტრამპმა განკარგულება გასცა, გადაეხადათ ფული, ვინაიდან შიშობდა, რომ სკანდალის გახმაურება უარყოფითად იმოქმედებდა არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებზე.

ტრამპი ამტკიცებს, რომ თანხა არ ყოფილა აღებული მის/ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან და, შესაბამისად, საქმე არ ეხება დანაშაულს.

ინტერვიუში კოენმა ასევე თქვა, რომ ტრამპს არ უთქვამს „სრული სიმართლე“ მისი საარჩევნო შტაბის კავშირებზე რუსეთთან, მაგრამ კონკრეტული მაგალითები არ მოუტანია.

კოენი ასევე აცხადებს, რომ კონგრესის წინაშე მოიტყუა ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ მოსკოვში „ტრამპ ტაუერის“ ცათამბჯენის მშენებლობის თაობაზე, იმის გამო, რომ სიმართლეს შეიძლება ზიანი მიეყენებინა მისი კლიენტისთვის. კოენის უკანასკნელი ჩვენებების მიხედვით, ცათამბჯენის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელებოდა, როცა ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

კოენს სამი წლით პატიმრობა მიესაჯა საგადასახადო დანაშაულებებისა და ფიცის ქვეშ ტყუილისთვის. ქალებისთვის დუმილისთვის თანხის გადახდა ერთ-ერთი ბრალდება იყო.

XS
SM
MD
LG