სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში ნაციონალური მოძრაობის ავტოკოლონა ქვემო ქართლიდანაც ჩავა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი „შესაძლებელია“ შაბათს ჩავიდეს თელავში, რადგანაც მოსალოდნელია ძირითადი კოლონის შეფერხების მცდელობა თელავისკენ მიმავალ გზაზე.
„ის ადამიანები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია, არ ჩატარდა პატიოსნად და გაყალბებულია, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას, თელავში, ინაუგურაციის პარალელურად. ვითვალისწინებთ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესებს. ჩვენთან ერთად იქნებიან ისინიც და ხვალ ერთად დავანახვებთ ყველას, სად დგას ხალხი: იქ, სადაც ინაუგურაცია გაიმართება, თუ სადაც ჩვენ გავმართავთ აქციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით კირკიტაძემ.