გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის წინასწარ არავის შეუთავაზებია თელავში ჩასასვლელად ალტერნატიული მარშრუტი: "ტყუილია, ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. ჩვენ ყველანაირად განწყობილი ვიყავით, რომ მშვიდობიანად ჩავსულიყავით თელავში. არავინ არ გაუფრთხილებიათ და არც ჰქონდათ ამის უფლება. პირდაპირი მოდიან პროვოკაციაზე. მალე გაგაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმას.
საპატრულო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კოლონის გურჯაანის გზით თელავში შესვლა კოლაფსს გამოიწვევდა და ამიტომ მათ ოპოზიციას ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზეს: "ჩვენ ამის შესახებ ლიდერებს წინასწარ განვუცხადეთ. ხედავთ რომ პროვოკაციაზე მიდიან ჯგუფები. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ არ მოხდეს ინცინდენტი. ჩვნ მათ მივუთითეთ მარშრუტი. ჩვენ არ შეგვიზღუდია მათი გადაადგილების უფლება. ისინი ყვარლის გზით ჩავიდოდნენ თეალავში. ორგანიზებული გვქონდა ავტობუსები, რომლებიც ამ ადამიანებს უსაფრთხოდ მიიყვანდა აქციის ადგილზე".
გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, რომელიც თბილისიდან თელავში, აქციაზე მიემართება, გურჯაანის ცენტრში საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, გურჯაანის ცენტრში დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე შეყვანილია სპეც-ტექნიკა. მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს თავდაპირველად გზა გომბორის უღელტეხილთან გადაუკეტეს. გაერთიანებული ოპოზიცია 3 საათზე, თელავში, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია მათ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.