თელავი ისტორიული მეხსიერების ადგილია, საიდანაც კარგად ჩანს გასავლელი გზა, - განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ.
„მეფე ერეკლე იბრძოდა ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის. მან შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი და გაიმარჯვა არაერთ ბრძოლაში.იგი საფუძველს უყრიდა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს. აქ, თელავში დაიმსხვრა მეფე ერეკლეს გეგმები, რომლებიც უკავშირდებოდა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნას, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებას. აქ შეჩერდა ჩვენი ქვეყნის განვითარება. საქართველოს ჩაუკეტეს გზა დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის - მტრის განზრახვამ. თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენით დავუბრუნდით ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს ჩვენს წინ ისევ გადამწყვეტი ეტაპია. თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.