შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე სოფელ მუკუზანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მუკუზნიდან თელავის მიმართულებით ფეხით მიდიან. სამართალდამცავები მათ გადაადგილებაში ხელს აღარ უშლიან.
გაერთიანებული ოპოზიციის აქცია თელავში 14:00 საათზე, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად იყო დაგეგმილი. თუმცა, თბილისიდან დაძრულ კოლონას სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაუკეტეს გზა. მათ შორის გომბორის უღელტეხილთან და გურჯაანში. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ფეხით გადაწყვიტეს თელავისკენ წასვლა.
შსს სამინისტროს განცხადებით, მათ აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს უსაფრთხო მარშრუტი, თბილისი-ყვარელი-თელავი, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადის გამო.
თელავში უკვე იმყოფება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი მარშრუტის გამოყენებით შეძლო მან თელავში ჩასვლა.