შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 16 დეკემბერს კახეთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას და ისჯება როგორც ჯარიმით ისე თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შს სამინისტროში, ამ დროისათვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათივე ინფორმაციით, კახეთში მომხდარი ინცინდენტისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ 16 დეკემბერსვე ჩაუტარდათ გამოკვლევები. დაშავებულთაგან ერთი, ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს. დანარჩენი დაზარალებულები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობაც, სახლებში აგრძელებენ მკურნალობას.