უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობიდან გააძევეს ორი პარლამენტარი, რომლებიც ცდილობდნენ ეთერში გადაეცათ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკისადმი კრიტიკული პეტიციის შინაარსი. დამოუკიდებელი დეპუტატები, ბერნადეტ დზელი და აკოს ჰადჰაზი შენობიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს, მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადენ გვერდი აევლოთ დაცვის წევრებისთვის. დზელი მთელ ინციდენტს ფეისბუკით გადასცემდა.
ორი დეპუტატი კანონმდებლების იმ ჯგუფში შედის, რომელიც დაახლოებით ათეულ ადამიანს მოიცავს და რომელმაც ღამე გაატენა უნგრეთის მთავარი არხის, MTVA-ს შენობასთან და ცდილობდნა თავიანთი მოთხოვნების ეთერით გადაცემას.
პეტიცია გამოდის მოწოდებით გაუქმდეს მთავრობის, როგორც ტექსტშია ნათქვამი, "მონური კანონები" და გაჩნდეს დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი მედია და სასამართლო. ორი დეპუტატის გაძევების შემდეგ მათი ადგილი შენობაში სხვა კანონმდებლებმა დაიკავეს და კონფლიქტი გაგრძელდა. ანტისამთავრობო გამოსვლები შენობის გარეთაც მიმდინარეობს. 16 დეკემბერს 10 000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ბუდაპეშტში გამართულ, რიგით მეოთხე საპროტესტო მსვლელობაში ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ.