საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთში დასაქმებისთვის დროებითი ბინადრობის მოწმობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტები, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული სტუდენტები, რომლებსაც საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება სურთ, შემდგომში სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივით. შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტების წლიური კვოტა 150-ია მაშინ, როდესაც ყველა სხვა კატეგორიაზე ჯამში კვოტა 500-ია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქართული და ფრანგული მხარეები შეთახმების პრაქტიკული იმპლემენტაციის ცალკეულ საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.