Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციასთან დაკავშირებით გურჯაანის ცალკეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია


Georgia -- street in Gurjaani
Georgia -- street in Gurjaani

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურჯაანში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან გურჯაანის გარკვეულ ქუჩებზე, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აქციის დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგება.სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.

პოლიცია 20 დეკემბერს, დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა.

ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG