Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე: პირველი პრეცედენტია, რომ ქალი პოლიციელები დააყენეს წინა რიგებში


გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სასამართლო განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის საქმეს. სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, აქციის ორგანიზატორები გაკვირვებულნი არიან სამართალდამცავთა ასეთი მობილიზებით, მათ შორის ქალი პოლიციელების მობილიზებით: „პირველი პრეცედენტია, რომ ქალი პოლიციელები დააყენებს წინა რიგებში, ეს რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცით, მაგრამ პირველი, რაც უნდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, არის ის, რომ მათ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ჩვენ ჩვენი თანაგუნდელის ყველა უფლებას ბოლომდე დავიცავთ და დავით კირკიტაძესთან ერთად ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავამხნევოთ დავით კირკიტაძე ტაშით. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი ტაში ესმის“.

ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.


დავით კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

XS
SM
MD
LG