Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კა-გე-ბეს“ აგენტების არქივში ნახეს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ბარათი

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ბარათი ნახეს ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის „კა-გე-ბეს“აგენტების კარტოთეკაში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა ლატვიის ეროვნული არქივის საიტზე.

აგენტის ბარათი ეკუთვნის 1939 წელს დაბადებულ ალექსანდრ ივანეს ძე კუდრიაშოვს. ბარათში არსებული მონაცემები სრულად ემთხვევა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, რიგის და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტის, ალექსანდრეს (კუდრიაშოვის) ბიოგრაფიულ მონაცემებს. როგორც ბარათში წერია, კუდრიაშოვი გადაიბირეს როგორც „კა-გე-ბეს“ აგენტი, ზედმეტი სახელით „მკითხველი“, 1982 წლის იანვარში. მისი გადაბირება მოახდინა ლატვიის სსრ-ის „კა-გე-ბეს“ მეხუთე განყოფილების თანამშრომელმა, რომელიც იდეოლოგიურ დივერსიებს ებრძოდა. ბარათში წერია, რომ კუდრიაშოვის საქმიანობაა, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი.

კარტოთეკაში ნახეს ასევე სხვა სასულიერო პირის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი პირის ბარათი. ივან მიროლიუბოვის მონაცემები ემთხვევა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი დეკანოზის მონაცემებს. მიროლიუბოვის წარმოშობით რიგიდანაა. მოსკოვის საპატრიარქოს კომენტარი ამ ცნობის თაობაზე არ გაუკეთებია.

კარტოთეკაში არაა მოყვანილი იმის დეტალები თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ უშიშროების სამსახურის მიერ გადაბირებულ პირები. აგენტების კარტოთეკაში სულ 11 ათასამდე ბარათია. სხვათა შორის ნახეს საბჭოთა კავშირის კალათბურთის ნაკრების კაპიტანის, ვალდის ვალტერსის, ასევე დაუგავპილსის მერის, რიხარდ ეიგიმსის და ადრე ლატვიის უმდიდრესი ადამიანის, ალექსანდრ ლავენტის ბარათები. ლატვიის ეროვნულმა არქივმა ქსელში გაავრცელა „კა-გე-ბეს“ დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების სამსახურზე კანონში ცვლილებების საფუძველზე. ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ახლა გამოქვეყნებული კარტოთეკა ძალიან შეზღუდულ ანალიტიკურ შესაძლებლობებს იძლევა ოპერატიული მასალების გარეშე. ეს მასალები გავრცელდება მაისის თვეში, გაისად. მხოლოდ ეს დოკუმენტები მოჰფენს ნათელს ამ პირების რეალური თანამშრომლობის მასშტაბებს საბჭოთა საიდუმლო სამსახურთან.

XS
SM
MD
LG