საქართველოს პარლამენტი ახალ დადგენილებას მიიღებს სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ. ფიცის ახალი ტექსტი დაკავშირებულია კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან, რომლის მიხედვითაც ტერმინი “სამხედრო ძალები“ შეიცვალა ტერმინით “თავდაცვის ძალები“. ამასთან, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნილი, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს „სამხედრო სამსახურით“. სამხედრო ფიცი სრულად ასეთი ფორმით იქნება: “მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ: პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი“.
ყველაზე პოპულარული
1