პერმის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, ნაპოვნია ცხრავე მაღაროელის გვამი, რომლებიც შახტში ხანძრის გამო ჩარჩნენ და ამოსვლა ვერ შეძლეს. "გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა" - განაცხადა პერმის მხარის გუბერნატორმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში და დასძენს, რომ უშედეგოდ დასრულდა მაღაროელებთან შეღწევის და ღია ხანძრის ჩაქრობის ექვსი მცდელობა. ცეცხლი 340 მეტრის სიღრმეში გაჩნდა სოლიკამსკის მაღაროში. კომპანია "ურალკალიში" ამბობენ, რომ ხანძრის დროს შახტში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ დაქირავებული კომპანიისთვის, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. ხანძრის გაჩენის მომენტში მიწის ქვეშ 17 ადამიანი იყო, რვამ მოახერხა ამოსვლა.