Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განიხილავენ დაგროვებითი პენსიის სამთავრობო მოდელის ალტერნატივას


საქართველოს პარლამენტი, თბილისი
საქართველოს პარლამენტი, თბილისი

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა „არ უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს. სისტემა დამაიმედებელ რიცხვებს ვერ იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობის მართული საპენსიო სააგენტო ფულს სწორად დააბანდებს, ეს ფული კორუფციისა და სახელმწიფო ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობის გამო არ დაიკარგება და ათიათასობით ადამიანის საპენსიო დანაზოგი საბჭოთა ანაბრების ბედს არ გაიზიარებს.“ კანონპროექტის ავტორთა შეფასებითვე, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩანაცვლება ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს, არ ზრდის 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და არ შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.

„ევროპული საქართველოს“ განმარტებითვე, მან შეიმუშავა დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი, რომელიც მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნაბაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის და სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა. ოპოზიციური პარტიის მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, 40 წლის ქალი მასწავლებელი, რომელსაც დღეს დარიცხული ხელფასი 500 ლარი აქვს და ხელზე 400 ლარს იღებს, 20 წლის შემდეგ საბაზისო პენსიაზე დამატებით თვეში 576 ლარს მიიღებს, უფრო მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების დაგროვებული პენსია კი, საბაზისო პენსიასთან ერთად კიდევ უფრო მეტი იქნება. “ევროპული საქართველოს” განმარტებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე - მოქალაქე, თუკი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ამისთვის გამოიყენებს არა მხოლოდ ხელზე ასაღები ხელფასის მცირე ნაწილს, არამედ დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს. “ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს.

XS
SM
MD
LG