3 ადამიანი დაიღუპა და 21 დაიჭრა ტრიპოლიში, ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმის შედეგად. სამინისტროს შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა სამმა შეიარაღებულმა პირმა. ორმა შენობაში შესვლა და თავის აფეთქება მოასწრო, ერთი კი დაცვის თანამშრომლებმა მოკლეს. აფეთქების შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა. 25 დეკემბერს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“ ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპრეზიდენტო საბჭომ და ეროვნული ერთიანობის მთავრობამ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი თავდასხმები ვერ შეაჩერებს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური სტაბილურობის პროცესის ხელშეწყობას და სუვერენული სახელმწიფოს დაცვას.
2011 წელს, ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება. ძალაუფლების მოსაპოვებლად მებრძოლ ჯგუფებს, რომლებიც თავის დროზე კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მხარს შეიარაღებული რაზმები უჭერენ. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ, ლიბიის დროებით მთავრობას საკმაოდ სუსტი გავლენა აქვს.