Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქციები გაიმართება


თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი

დღეს ერთი წელი შესრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, დღეს 11 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაიმართება აქცია-პერფორმანსი. 15 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ შვილმოკლული მამები. 13 საათზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში პრესკონფერენციას გამართავენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ინტერესების დამცველები, რომლებიც მიმდინარე გამოძიებას შეაფასებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე პირის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. ისინი უარყოფენ ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირსაც. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ამ დრომდე იძიებს საქართველოს პროკურატურა.

XS
SM
MD
LG