Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტს მოუწოდებენ უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისეთი კანდიდატების წარდგენის გამო, რომელთა უმეტესობა საზოგადოებაში ასოცირდება უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან. კოალიციის შეფასებით, პარლამენტის მიერ ამ კანდიდატების არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მიესალმება, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაიფიქრა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არასაკმარისად მიიჩნევს. კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს, შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ და ახალი წესით მოხდეს კანდიდატების დასახელება. კოალიცია მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა, რომელზეც განიხილება წინადადებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების თაობაზე და განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო განრიგი.

24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატი: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატთა სიას და მათი შერჩევის პროცედურას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. 26 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

XS
SM
MD
LG