Accessibility links

ეკა ბესელიამ დატოვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი


ეკა ბესელია

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. „ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. ბესელიას თქმით, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და შერჩევაში. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა იმუშაონ პროცედურების სრული დაცვით, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს. „სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა სიაში არიან არა მხოლოდ მისი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები, არამედ ადამიანები, რომლებიც მოსამართლეები იყვნენ მისი თანამებროძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. „ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ისეთი მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG