სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარები შევიდნენ სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მანბიჯში, რომელსაც მანამდე აკონტროლებდნენ ქურთების შეიარაღებული რაზმები. სირიის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ჯარები ქალაქსა და მის შემოგარენში შევიდნენ ქურთებთან შეთანხმებით, რომელთა ინტერესსაც წარმოადგენს მოქალაქეთა დაცვა თურქეთის შესაძლო ინტერვენციისაგან. იუწყებიან, რომ ქალაქში აღიმართა სირიის სახელმწიფო დროშა.
მანამდე ქურთების თავდაცვითმა რაზმებმა განაცხადეს, რომ ტოვებენ ქალაქ მანბიჯს და ოფიციალურად მოუწოდებენ სირიის არმიას, შევიდეს ქალაქში.
კრემლი უკვე მიესალმა სირიის არმიის შესვლას ქალაქ მანბიჯში, რომელიც ევფრატის დასავლეთით, ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. ქალაქს რამდენიმე წლის განმავლობაში აკონტროლებდა ექსრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მანჯიბიდან ქურთების სამხედრო რაზმებმა 2016 წელს განდევნეს აშშ-ის სამხედრო დახმარების წყალობით.