Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა უარყო გერმანიისა და საფრანგეთის მოწოდება, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები


კიევი, 2018 წლის 17 დეკემბერი: აქცია რუსეთის მიერ დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლების მოთხოვნით
კიევი, 2018 წლის 17 დეკემბერი: აქცია რუსეთის მიერ დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლების მოთხოვნით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მიუღებლად“ მიიჩნევს გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნას დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ. ეს რეაქცია მოჰყვა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებას, რომელიც 28 დეკემბერს გავრცელდა და ყირიმის ნახევარკუნძულთან დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს ეხება.

მოსკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის სამი ხომალდი, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, უკანონოდ შევიდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია და ამ ნახევარკუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, რასაც არ აღიარებენ უკრაინა და გაეროს წევრი დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობა.

28 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაში მაკრონი და მერკელი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ ყირიმთან გემების მიმოსვლის „გადამეტებული“ შემოწმების გამო. ისინი მოითხოვენ, რომ ქერჩის სრუტეში ყველა გემს მიეცეს უსაფრთხოდ, თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა და უპირობოდ იქნენ გათავისუფლებული უკრაინელი მეზღვაურები.

რუსეთის მედიასაშუალებების ცნობით, კრემლის პრესმდივანმა ვლადიმირ პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მერკელთან საუბრისას განიხილა უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების მოთხოვნა. მაგრამ, პესკოვის თქმით, რუსეთი იმოქმედებს ქვეყნის „კანონების შესაბამისად“.

XS
SM
MD
LG