აშშ-ის დედაქალაქში შესაძლოა საჭირო გახდეს მრავალი ცნობილი მუზეუმისა და გალერეის დახურვა, თუ იანვრის დასაწყისამდე არ განახლდება ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვის ჩვეული რეჟიმი.
სმიტსონის ინსტიტუტი, რომელიც მართავს ვაშინგტონის 19 მუზეუმსა და გალერეას, ისევე როგორც ზოოპარკს, თავის ვებსაიტზე წერს, რომ ვაშინგტონში მისი ობიექტები ღია აღარ იქნება 2 იანვრიდან, თუ მანამდე იმოქმედებს ფედერალური მთავრობის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებული ზომები. ვაშინგტონის ღირშესანიშნაობების დიდი ნაწილი ჯერ-ჯერობით ღია რჩება სარეზერვო ფონდების მეშვეობით.
ამერიკელი დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობენ შეთანხმებას ზომაზე მთავრობის საქმიანობის სრულად დაფინანსების გასაგრძელებლად.
ტრამპი მოითხოვს 5 მილიარდ დოლარს მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის დასაფინანსებლად, ხოლო დემოკრატი სენატორები უარს ამბობენ ასეთი ხარჯის მხარდაჭერაზე.
მთავრობის ამჟამინდელი, ნაწილობრივ დახურვა 23 დეკემბერს ამოქმედდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა და კონგრესმა ვერ მიაღწიეს ბიუჯეტის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მთავრობის მუშაობის დასაფინანსებლად. დახურვა ეხება მთავრობის, დაახლოებით, მეხუთედს, მათ შორის იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.