Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნკერი ეჭვობს, რომ რუმინეთი გაუმკლავდება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას


ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეჭვობს, რომ რუმინეთი გაუმკლავდება ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას, რომელიც 1 იანვარს იწყება.

გერმანიის გაზეთ „ველტ ამ ზონტაგთან“ ინტერვიუში იუნკერი ამბობს, რომ რუმინეთი „ტექნიკურად კარგად არის მომზადებული“, მაგრამ ქვეყნის მთავრობას შესაძლოა, სრულად არ ჰქონდეს გააზრებული, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის თავმჯდომარეობა.

რუმინეთი პირველად ხდება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე 2007 წელს ბლოკში ქვეყნის გაწევრიანების შემდეგ. იუნკერის აზრით, ევროკავშირის თავმჯდომარეს მოეთხოვება მზადყოფნა, სხვებსაც მოუსმინოს და მზადყოფნა, მეორე პლანზე გადაწიოს თავისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარებაო, აღნიშნავს იუნკერი.

ის სკეპტიკურად აფასებს რუმინეთის - შიდაპოლიტიკური დაძაბულობით მოცული ქვეყნის - უნარს, ერთიან გუნდად იმოქმედოს ევროპაში.

ნოემბერში რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს თავის ქვეყანას მზად ევროკავშირის თავმჯდომარის ამოცანის შესასრულებლად. ის მიანიშნებდა ვითარებაზე, როცა რუმინეთში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლივიუ დრაგნეა პრემიერ-მინისტრი ვერ გახდა არჩევნების გაყალბების ბრალდების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტმა უფრო ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.

21 დეკემბერს იოჰანისმა გამოთქვა შეფასება, რომ რუმინეთი კარგად არის მომზადებული ევროკავშირის თავმჯდომარეობისათვის.

XS
SM
MD
LG