რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი კვლავინდებულად ღიაა ვაშინგტონთან დაილოგისათვის. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ საახალწლო წერილში, რომლის ზოგი დეტალიც 30 დეკემბერს გახდა ცნობილი.
აშშ-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს რამდენიმე საკითხი, მათ შორის რუსეთის როლი სირიისა და აღმოსავლეთ უკრაინის ომებში, სავარაუდო ჩარევა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების არჩევნებში, ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლა ბრიტანეთში.
ნოემბრის ბოლოს ტრამპმა გააუქმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ხომალდებს და დააკავეს 24 უკრაინელი მეზღვაური.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი წერილში პუტინი აშშ-რუსეთის ურთიერთობას მოიხსენიებს „უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სტრატეგიული სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ვრცელდება ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ აშშ-ზეა დამოკიდებული, გაიმართება თუ არა პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წელს.