ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობას, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა. საბჭოს მოსამართლე წევრები ღიად უპირისპირდებიან პარლამენტის წევრებს, რომლებიც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან.
„ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აშკარა მუქარაზეა გადასული და ეს სხვა არაფერია თუ არა სასამართლო ხელისუფლების დასჯის მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. ასევე დაუშვებელია აბსოლუტურად ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსახური მოსამართლეები, თურმე... და ეს გაურკვეველია, ვის გულისხმობს... სააკაშვილის პერიოდში მომსახურე მოსამართლეებზე თუ არის ეს გავრცელებული, აშკარად დისკრიმინაციული და უსაფუძვლო განცხადებაა, რომ მათ არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დაწინაურდნენ უზენაეს სასამართლოში... კრიტერიუმი, როგორიც არის „სააკაშვილის დროს მსახურება“, არ არის ობიექტური კრიტერიუმი და აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა და სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობაა, რასაც ჩვენ, საბჭოს წევრები არ დავუშვებთ“, - განაცხადა გვრიტიშვილმა, რომელიც თავადაც არის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიაში. სია პარლამენტმა, დიდი წინააღმდეგობის ფონზე, 26 დეკემბერს შეაჩერა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ვარაუდობს, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგობა მერკანტილურ მიზნებს ემყარება. „ალბათ ის (ეკა ბესელია) ცდილობს შეიყვანოს სასამართლო სისტემაში მისთვის მისაღები პიროვნებები“, - განაცხადა მეთოფიშვილმა.