მიუღებელია, როდესაც მოსამართლეები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კომენტარის საპასუხოდ. გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი - არ ერიდებიან მუქარასა და დისკრიმინაციას.
„ისინი არიან ისტერიკულ მდგომარეობაში, აღარ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და ჰმართებთ მეტი მოთმინება. გარდა ამისა, გვრიტიშვილი თავად არის (უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი) კანდიდატი - თავად არის დაინტერესებული პირი და როდესაც შედის პოლიტიკოსებთან პოლემიკაში, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩემთვის არის გაუგებარი და მისი განცხადებები არ იწვევს ნდობას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთი კანდიდატია უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაში. სია პარლამენტმა, დიდი წინააღმდეგობის ფონზე, 26 დეკემბერს შეაჩერა.