Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები პოლიტიკაში „შევარდნენ“


„დღეს ჩვენ ვნახეთ საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად გაიხადეს მანტიები და პოლიტიკურ სათამაშო მოედანზე შევარდნენ“, - განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ. ეს განცხადება გაკეთდა საბჭოს მოსამართლე წევრების, დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის კომენტარების საპასუხოდ. პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი - არ ერიდებიან მუქარასა და დისკრიმინაციას. ამასთან, ეკა ბესელიას მერკანტილური მიზნები ამოძრავებს, როდესაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის დამტკიცებას ეწინააღმდეგება.

„მათი სურვილია, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ დებატებში იმ ჯგუფის მხარეს, რომლისთვისაც არ ყოფილა არც გირგვლიანის საქმე, არც ზერეკიძის საქმე, არც ყუფარაძის საქმე, არც მოლაშვილის საქმე და არცერთი საქმე, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია და მოიყვანა, სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ეს მოსამართლეები ამ ქმედებით პირდაპირ არღვევენ ეთიკის კოდექსს, ვინაიდან მათ ეკრძალებათ პოლიტიკური აზრის გამოთქმა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია პარლამენტმა, დიდი წინააღმდეგობის ფონზე, 26 დეკემბერს შეაჩერა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას.

XS
SM
MD
LG