რუმინეთი შეუდგა ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლისათვის მზადებისა და ბევრ წევრ ქვეყანაში ნაციონალიზმის გაძლიერების ფონზე.
2007 წლის 1 იანვარს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, რუმინეთი პირველად გახდა მისი თავმჯდომარე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 29 დეკემბერს გერმანიის გაზეთ „ველტთან“ ინტერვიუში გამოთქვა შეფასება, რომ „ბუქარესტის მთავრობას სრულად არა აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელობა“. ეს როლი, იუნკერის აზრით, მოითხოვს მზადყოფნას სხვების მოსასმენად და მზადყოფნას, პირველ პლანზე არ წამოწიო საკუთარი ინტერესები.
რუმინეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოებას იწვევს წინადადება, რეფორმები განხორციელდეს რუმინეთის სასამართლო სისტემაში, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიზებულია და ხელს შეუშლის კორუფციასთან ბრძოლას.
რუმინეთის მორიგე თავმჯდომარეობას ემთხვევა 29 მარტს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა და მაისში ევროპარლამენტის არჩევნები.