Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილი: ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ


„მე ჭორიკანა პოლიტიკას რა მივსდევ და აქედან გამომდინარე კომენტატორების კომენტატორი არ ვარ, ამიტომ არ ვაკეთებ კომენტარს იმ ადამიანის ნათქვამზე, რომლის არც სახელი ვიცი არც გვარი“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, დადგება თუ არა დღევანდელ სხდომაზე ფრაქციიდან ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი.

„არ არის ჩემი მიზანი ვიმსჯელო ფრაქციის ერთი წევრის საქციელის მორალურობაზე, ეს არ არის ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზანი. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ფრაქციისა და პარტიის თავმჯდომარე, ამის შემდეგ მოგვიწევს მსჯელობა საკითხებზე. მაგრამ ჩემი აქ მოსვლის მიზანი არ არის ამ საკითხზე მსჯელობა“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“ სხდომას გამართავს პარტიის ცენტრალურ ოფისში. სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. დღის წესრიგზე წინასწარ არავინ საუბრობს. სავარაუდოა, რომ პარტია იმსჯელებს იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მომსამართლეებად დასახელებულ კანდიდატებზე და პარლამენტისთვის მათი წარდგენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.

24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატი: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატთა სიას და მათი შერჩევის პროცედურას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან.

26 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო. თუმცა, მეორე დღეს 27 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. როგორც ბესელიამ თქვა, ამ გადაწყვეტილებით შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი. ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან 31 დეკემბერს განაცხადა, რომ სირთულეებს გუნდის შიგნით მოაგვარებენ და თუ ვინმე გუნდის წესებს არღვევს, ამაზე რეაგირება იქნება.

XS
SM
MD
LG