Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამ დასკვნით გამოჩნდა, თემირლანი იწვა, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული


თბილისის პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და ოჯახის ადვოკატს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, წარმოდგენილი დასკვნა მას არ აკმაყოფილებს, თუმცა ამ დასკვნითაც დადასტურდა, რომ სროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს თავი არ წამოუწევია.

„არაფერი არ აკმაყოფილებს, ვიცი, გარშემო რა სიბინძურე და რა ტყუილები ტრიალებს. ყველაზე მთავარი - თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული და ამ ფაქტს ეს ნაძირალა ხელისუფლება, ეს სისტემა ვერ გაურბის“.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი იმ სპეცრაზმელმა იცის და იმედი გამოთქვა, რომ ის ახლა მაინც დაფიქრდება თავის საქციელზე.

„ეს ყველაფერი იმ სპეცრაზმელმა იცის, იმ სპეცრაზმელმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ისტორიაში ბადალი არ აქვს, მე მგონი დაფიქრდება, მე მგონი დღეს მე მიყურებს. მე მგონი დაფიქრდება.“

მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით ისინი გაეცნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელშიც არსებული ბუნდოვანების მიუხედავად, მთავარი მაინც წერია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი, სროლის ხაზის, ანუ ვიზირების ხაზის ქვემოთ მდებარეობს, რაც მიუთითებს იმას, რომ სროლის დროს მას თავი არ წამოუწევია.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. საკითხის გადაწყვეტა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მეორე მომენტი - უტყუარად შესაძლებელს ხდიან და უტყუარად დადასტურებულად თვლიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ, ლოგინის თავთან ანუ სადაც არის დაზიანება, ანუ თავის მდგომარეობას ზუსტად გვიდგენენ".

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მთავარია თავის მდებარეობა, ვინაიდან წინააღმდეგობის გასაწევად, რასაც გამოძიება ამტკიცებს ის თავს წამოწევდა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, უპასუხოდ დატოვებული საკითხით,- თუ სად იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ტანი, ისინი შეეცადნენ ბუნდოვანება შესძინონ დასკვნა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

მარიამ კუბლაშვილი მოუწოდებს საქმის გამომძიებელსა და საქმის ზედამხედველ პირებს მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG