„დღეს მოგვივიდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, ბატონი გიორგი გადელია და გამოგვიცხადა ხულიგნობის ფაქტით უნდა დაგიჭიროთო, 11 სექტემბრის ამბავზე, პირველი კარვების გაშლის ფაქტზე“,-უთხრა რადიო თავისუფლებას შვილმოკლული მამების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირმა სიმონიშვილმა. „არანაირი ოქმი არ გვაჩვენა, პირდაპირ დაგვადო ხელი მე, ნუგზარ კუჭაშვილს, ზაზა სარალიძეს, ზაზა სარალიძის ძმას და მალხაზ მაჩალიკაშვილს. სუყველანი ხულიგნობის მუხლით უნდა წამოხვიდეთ დაკითხვაზეო და სასამართლო გადაწყვეტს ადმინისტრაციულსო“,-აღნიშნა ირმა სიმონიშვილმა. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებს არც არავინ უგინებიათ, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ და თავად არიან დაზარალებულები: „ცხონებული დათოს სურათი დაგვამტვრიეს ზედ თავზე, კარვები წაიღეს და დაგვერივნენ. გაშველების მეტს არაფერს ვაკეთებდით იქ. შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ არც ჩემს მეგობრებს და არც ზაზას. პირიქით, აქეთ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, აქეთ მოდიოდნენ ძალაზე“-აღნიშნა ირმა სიმონიშვილმა. იგი ვარაუდობს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის წარმომადგენლების მისვლა უკავშირდება პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე ზაზა სარალიძის სასამართლო სხდომას, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული.
3 იანვარს ზაზა სარალიძემ ფეისკბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 2019 წელი აქციის მონაწილეების დაშინებითა და შანტაჟით დაიწყო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.