აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც 3 იანვრიდან დემოკრატები აკონტროლებენ, მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებას და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფას 8 თებერვლამდე. ამასთან, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტები არ ითვალისწინებს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამავე კანონპროექტებს მხარს დაუჭერს სენატიც, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, პრეზიდენტის ვეტო კი, ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა დემოკრატების მიერ კანონპროექტების მიღებას პოლიტიკური თეატრი უწოდა.
ნოემბრის არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მისული დემოკრატების მიერ დამტკიცებული კანონპროექტებით, სახელმწიფო დაწესებულებებმა მუშაობა უნდა განაახლონ, კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე კი ცალკე მოლაპარაკება გაიმართოს. აშშ-ში უკვე მეორე კვირაა გრძელდება ე.წ. „შატდაუნი,“ ანუ მდგომარეობა, როცა ბიუჯეტის საკითხზე კონგრესის და პრეზიდენტის უთანხმოების გამო სახელმწიფო დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ. ამჯერად, უთანხმოების საგანია მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა, რომლისთვისაც დონალდ ტრამპი ითხოვს 5 მილიარდ დოლარს. დემოკრატები მშენებლობის დაფინანსებაზე უარს ამბობენ. „შატდაუნის“ დასრულების საკითხის განსახილველად პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს თეთრ სახლში, მორიგ შეხვედრაზე მიიწვია კონგრესში რესპუბლიკელების და დემოკრატების ლიდერები. წინა მოლაპარაკება, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსიმ, რომელიც 3 იანვარს სპიკერად აირჩიეს, ტელეკომპანია NBC-ის განუცხადა, რომ კედლისთვის ფული არ იქნება და ამ საკითხის დაუსრულებლად განხილვას არ აპირებენ. პელოსიმ პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა ფედერალური მთავრობის მძევლად აყვანაში თავისი საარჩევნო დაპირების გამო, რომელიც ეხებოდა კედლის მშენებლობას და მექსიკის მთავრობის იძულებას ხარჯი თავად დაეფარა. „ეს უაზრობაა. ჯერ ერთი, მექსიკა არ აპირებს თანხის გადახდას და მეორე - ჩვენ საზღვრის დაცვის გაცილებით ეფექტური საშუალებები გავქვს და ეს პრეზიდენტმა იცის“ - განაცხადა ნენსი პელოსიმ.